გამოჩენილი ქართველი პოეტის პაოლო იაშვილის (1894-1937) ზრუნვა და ამაგი ქართული ჭადრაკის წინაშე ფასდაუდებელია.
ის გახლდათ საქართველოში საჭადრაკო მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგემლი და მოამაგე. 1927 წელს პაოლოს მცდელობით თბილისში პირველი საჭადრაკო კლუბი გაიხსნა. პაოლომ მალე იმასაც მიაღწია, რომ კლუბი უკეთეს შენობაში გადავიდა, რუსთაველის პროსპექტისა და სამხედრო ქუჩის კუთხეში.
„ჩემი ოცნებაა ვიხილი ქართველი ოსტატი, რომელიც ჩვენი ერის მდიდარ საჭადრაკო ტრადიციებს ქვეყანას გააცნობს“ – ნატრობდა პაოლო და თვითონაც ირჯებოდა ამ მიზნისთვის.
1930 წელს ვიქტორ გოგლიძემ რუსი ოსტატი ნენაროკოვი დაამარცხა ოსტატის წოდებისთვის მატჩში და პაოლომ ვიქტორს ლექსი მიუძღვნა:
ჭადრაკის ქართველ ოსტატს
შევხვდებით ერთმანეთს. ვხედავ რომ ჩალაგდა
ყოველი პაიკი შემტეველ რაზმებად
და მეფე ბრძოლებით განწირულ ალაგთან
თანდათან შებოჭეს ფოლადის თასმებმა.
ვსაუბრობთ…მე ვფიქრობ: ნეტა, რას ჩაწერდა,
და ვხედავ:თვალებში შუქია ნეტარი.
ვხედავ, რომ ჭადრაკის ეშმაკურ ფაცერთან
უღონოდ ღანღალებს შავების მხედარი.
გადავალ ლექსებზე – ჩემ შრომის მაგიდას
დღეს დარჩა ნამტვრევად დაყრილი ბწკარები.
შენ მაგარ ოსტატის სახელი გაგიტანს,
მე – ჩემი ფიქრების გაშლილი კარები.
არ ვიცი, რად იყო ასეთი მარტივი
შეხვედრა, ღიმილი, შენთან რომ მოვედი.
ასეა პირველი ქართული პარტიის
და ჩემთვის ნამდვილი ბრძოლების პოეტი.
შენ უკვე გაიგე, რა არის ძილის წინ
უეცრად შეხტომა, კაცს რომ არ აძინებს,
შენ უკვე გაიგე, მკაცრია თბილისი
და თავის არჩეულს თვალს არ მოაცილებს.
რჩეულთა იღბალი ხშირად დაძლეულა,
თუმცაღა, სიხარულს ეს ფიქრი მოგვტაცებს –
არავის არ სძინავს ისე აბნეულად,
როგორც რომ ლექსის და ჭადრაკის ოსტატებს.
