ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი

23–25 ნოემბერს ბათუმში გაიმართა ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მუნიციპალიტეტის 130 წამყვანი მწვრთნელი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის აკაკი იაშვილის თაოსნობით შერჩეული იქნა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა – ‘საფეხურები’, რომელიც შედგება მასწავლებლის 6 სახელმძღვანელოსა და 26 მოსწავლის რვეულისგან.
პედაგოგის და მეთოდიკის როლი ძალიან მაღალია საგანმანათლებო სფეროში. მხოლოდ ხარისხიანი განათლება არის წარმატების საწინდარი. ჩვენ გარკვეულ ცაიტნოტში ვართ, ირგვლივ ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, მათ შორის ჭადრაკიც. აუცილებელია, რომ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს ‘ განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ღონისძიების ძირითადი მენტორები იყვნენ: ფიდე-ს ტრენერი ნატო ეძგვერაძე, ‘ნიჭიერთა სკოლის’ წამყვანი მწვრთნელი, ხვიჩა ბახტაძე და სპორტის ფსიქოლოგი, მენტალური უნარების ტრენერი საბა ეფრემიძე.
ფორუმის ფარგლებში აჭარის ჭადრაკის ფედერაციას გადაეცა ჰოლანდიური კომპანია DGT- ის 2024 წლის მოდელი 70 ელექტრონული საათი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გადაწყვეტილებით ფორუმი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.
